საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა

 
საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
 
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
 
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
 
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
 
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
 
საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო  წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამა შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან. უმაღლესი  განათლების  პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ბაკალავრიატში   სწავლის   უფლება  აქვს მხოლოდ   სრული  ზოგადი  განათლების  დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს. მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. სწავლების მესამე საფეხური (დოქტორანტურა) შედგება არანაკლებ 180 კრედიტისაგან. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი. უმაღლესი საგანმანათლებლო   დაწესებულება   უფლებამოსილია   საგანმანათლებლო   პროგრამის ნაწილის გავლის შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები
 
უმაღლესი   საგანმანათლებლო   დაწესებულების სახეები:
საქართველოში მოქმედებს სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს
სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც  ახორციელებს უმაღლეს  საგანმანათლებლო  პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.
კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების  ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს  მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული და ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.
 
მიღება:
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც  გაიარა  შესაბამისი ერთიანი ეროვნული  გამოცდები  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე. შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის ურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.