ავტორიზაცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებაა.

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.

ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიიდან გამომდინარე ადგენს დაწესებულების შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან:

1. საგანმანათლებლო პროგრამები.

2. მატერიალური რესურსი.

3. ადამიანური რესურსი.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა)დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები);

ბ) დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), რომელშიც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესების შესახებ;

გ)საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის შედეგები აღწერილია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციებით და შეესაბამება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ დარგობრივ სტანდარტებს;

დ)დაწესებულებას თითოეული საგანმანათლებლო საფეხურისათვის შემუშავებული აქვს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესები;

ე)დაწესებულება უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობას;

ვ)დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმი;

ზ)საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, მკვლევართა ან მოწვეული პერსონალის მიერ;

თ)დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს მატერიალური რესურსი, რომელიც გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების რეალიზაციისათვის და შეესაბამება საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს, მათ შორის:

                ა.ა) ერთ მისამართზე 700 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი;

               ა.ბ) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი, მათ შორის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერები;

ბ) დაწესებულების სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები უზრუნველყოფს დაწესებულების მისიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას;

გ) დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;

დ) დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:

                დ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

                დ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

                დ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;

                დ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.

ე) დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის;

ვ) მატერიალური რესურსი, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერები და ინტერნეტი ხელმისაწვდომია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში;

თ) დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას, ასევე უზრუნველყოფილია საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობა;

ი) დაწესებულებაში არსებობს ბიბლიოთეკის კატალოგი, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;

კ) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;

ლ) ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, აკადემიური პერსონალი, ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და სხვ.). ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად, ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;

მ) უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევების დაფინანსება;

ნ) შემუშავებულია დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების აკადემიური პერსონალის, მოწვეული პერსონალის, მკვლევართა და მასწავლებელთა კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) ავტორიზაციის მიზნებისთვის ერთი სრული პროფესორი ეთვლება მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, მხოლოდ ორ სასწავლო უნივერსიტეტს, ან მხოლოდ ორ კოლეჯს, ან სასწავლო უნივერსიტეტსა და კოლეჯს, პროფესორის არჩევით; ხოლო ასოცირებული პროფესორი ეთვლება მხოლოდ ორ დაწესებულებას პროფესორის არჩევით. სრული ან ასოცირებული პროფესორის მიერ ორ ან მეტ დაწესებულებაში სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავება მოწმდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად;

გ) დაწესებულებაში სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის თანაფარდობა განისაზღვრება დაწესებულების სახის მიხედვით:

                გ.ა) კოლეჯში - მინიმუმ ერთი სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი 40 სტუდენტზე, მაგრამ არანაკლებ 10 პროფესორისა;

                გ.ბ) სასწავლო უნივერსიტეტში - არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 50 სტუდენტზე, 6-იდან 12 საგანმანათლებლო პროგრამამდე განხორციელების შემთხვევაში - მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 60 სტუდენტზე, 12 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში - მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 70 სტუდენტზე, მაგრამ არანაკლებ 15 სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორისა;

                გ.გ) უნივერსიტეტში - არა უმეტეს 11 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 50 სტუდენტზე, 12-იდან 24 საგანმანათლებლო პროგრამამდე განხორციელების შემთხვევაში - მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 60 სტუდენტზე, 24 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში - მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 70 სტუდენტზე, არანაკლებ 25 სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორისა;

დ) საგანმანათლებლო პროგრამა არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოწვეული პერსონალის, მკვლევრების ან მასწავლებლების მიერ;

ე) აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად;

ვ) აკადემიურ პერსონალთან, მოწვეულ პერსონალთან, მკვლევრებთან და მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.