იბსუს საკითხის შესასწავლად ამერიკიდან დელეგაცია ჩამოვიდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აშშ-იდან დელეგაციას მასპინძლობს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამკაციანი ჯგუფი საქართველოში 16-21 სექტემბრის ჩათვლით დარჩება.

დელეგაციის წევრები იმ კომისიის წევრები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებს სწავლობენ და შემდგომ ამერიკის დიპლომატიური წრეებისთვის ამზადებენ ანგარიშს.

დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, ტომ ტეილორის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხს ამერიკელ დიპლომატებს გააცნობენ.
ტეილორი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრია, რომელიც ამჟამად MARTOC-ის კომიტეტის თავმჯდომარეა.

”პრობლემების გამოკვლევის შემდგომ, ამ საქმის მასალებს ამერიკელ დიპლომატებს გავაცნობთ. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას გაეროს სხდომაზე, სადაც ჩვენც დავესწრებით, მსგავსი პრობლემების წინ წამოწევა და მათ შესახებ მსჯელობა,” – აცხადებს ტომ ტეილორი.