ექსპოზიცია „ქართული სახელმწიფოებრიობა და დიპლომატიკა“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ექსპოზიცია „ქართული სახელმწიფოებრიობა და დიპლომატიკა“ მოამზადეს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ოფიციალური საბუთების ისტორია ჩვენამდე მოღწეული პირველი დოკუმენტებიდან დაწყებული - ვიდრე დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, კერძოდ, მეფეთა სიგელ-გუჯრების ასლები და სამოქალაქო და სისხლის სამართლის საბუთები: არზა-ოქმები, სასისხლო სიგელები, მეფეთა და ბატონიშვილთა განაჩენები და განჩინებები, აგრეთვე, ქართულ-სპარსული, ქართულ-ოსმალური და ქართულ-რუსული ურთიერთობების დროს დადასტურებული საბუთები, იმდროინდელი ოფიციალური მიმოწერის ამსახველი თხოვნა-წერილები, პირველ ქართულ გაზეთში - „საქართველს გაზეთში“ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტები და სხვ.

ექსპოზიციაზე სტუდენტებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ოფიციალური საქმისწარმოების, ისტორიული საბუთების შედგენისა და გაფორმების წესი და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პერიოდის დიპლომატიკისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.