''ბიზნეს ანბანის'' მორიგი ნაკადი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროექტი ''ბიზნეს ანბანი'' დაიწყო. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ სკოლის 50 მოსწავლე ჯგუფებში გადანაწილდა და პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ.

 სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას და თითოეული პროფესიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკისა და უნარ-ჩვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისთვისაა საჭირო.
ამჯერად ერთ-ერთ ჯგუფს რუსულ ენაზე ჩაუტარდება სრული ტრენინგი. აღსანიშნავია რომ ეს პროექტისთვის მეცხრე რუსულენოვანი ჯგუფია.

''ბიზნეს ანბანის'' პროექტი 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე პროექტში 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, მიუხედავად მათ მიერ არჩეული სამომავლო პროფესიისა. პროექტის ტრენერები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები არიან. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა წარმატებულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა.