ლიდერობა განვითარებად სახელმწიფოში - ანა დოლიძის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

20 თებერვალს პრეზიდენტის აპარატის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ საჯარო ადმინისტრირების მიმართულების მოწვევით გამართა საჯარო ლექცია თემაზე ’’ლიდერობა განვითარებად სახელმწიფოში“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა სხვადასხვა ბიუროკრატიულ გამოწვევებზე, შეადარა განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები და მოქნილობა და კონკრეტული ქეისის მაგალითზე განიხილა საჯარო სამსახურში გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების მუშაობის ეფექტურობა.

ლექცია ინტერაქტიული იყო: სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა სცენარების დამუშავებაში და გაანალიზებაში. საჯარო ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის სხვადასხვა კურსის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი ხედვა სამინისტროების ბიუროკრატიული გამართულობის შესახებ და ანა დოლიძესთან ერთად ესაუბრათ სხვადასხვა მოდელების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

აღნიშნული შეხვედრით საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ მეორე ნაწილი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მოდმევნო ორი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის დაიგეგმება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.