ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა

2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 24-27 აპრილს ეწვია ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლების დარგში საერთაშორისო ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან, პროფესორი ენდი გიბსი.  დოკუმენტაციის ანალიზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს: შვიდი სტანდარტიდან (19 ქვესტანდარტი)  უარყოფითად არცერთი შეფასებულა.
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20  აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით; ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  იგნორირებულ იქნა,  საბჭომ  ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის სტუდენტების მიღებას, ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში მოქმედი კაანონმდებლობის მიხედვით. 
 
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა). ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ადევს  ყადაღა. უნივერსიტეტი მზადაა სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაფაროს საგადასახადო ჯარიმა. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. აღნიშნული დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა, თუმცა საბჭომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა. 
 
საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო:   პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა  აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 000 ლარს;  მეორე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს  უნივერსიტეტის შემოსავალს (რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს  მოემსახურებოდა). ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?! 
 
გარდა ამისა,  ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის  მიხედვით უნივერსიტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. გამოდის, რომ ავტორიზაციის საბჭო იგნორირებას უკეთებს და ეჭვქვეშ აყენებს თავისივე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ შეფასებას.
 
ავტორიზაციის საბჭოს  უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს  საქართველოს ერთ-ერთი  ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი  მაჩვენებლით, თანამშრომლობს მსოფლიოს  60-ზე მეტ უნივერსიტეტთან.  უნივერსიტეტში  ამჟამად სწავლობს 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი, დასაქმებულია 400-მდე კვალიფიციური კადრი.
 
მივმართავთ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად  სამოქალაქო საზოგადოებას,  მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უსამართლობასთან  ბრძოლაში. 
 
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას,  მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო  სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან.